"იქნებ მე ვარ უვარგისი მამა, რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს". - წერს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამა.
გრიგორიადისი გუშინ, 29 მარტს დააკავეს. იმავე დღეს სამთავრობო მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის წარსულში მამაზე ძალადობის გამო იყო ნასამართლევი.
"ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია.
გამარჯობათ მეგობრებო, დადის ჭორი და მიდის ჩემი შვილის, ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები. სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ, გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უვარგისი მამა... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ, სადაც არ გეხებათ. ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას. მინდა შევახსენო მთავრობას - ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს". - წერს ბექა გრიგორიადისი, დაკავებულის მამა.
"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე. მისი მტკიცებით, გრიგორიადისი დაკავშირებული "ბოლშევიკურ ტროიკასთან" - ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
- ბოლო ორ დღეში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა – შსს
- რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული
9 მარტს დილით გავრცელდა ქართული ოცნების განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდნენ. 10 მარტს კი, პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.