დემოგრაფია

სულ მცირე 7 წელია, შობადობა ყოველწლიურად მცირდება – საქსტატის მონაცემები

2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა. აქედან 21 897 ბიჭი და 20 422 გოგო. საქსტატის ცნობით, ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9%-ით. კერძოდ, 2021 წელს ქვეყანაში 45 946 ბავშვი დაიბადა. 

აღსანიშნავია, რომ სულ მცირე 7 წელია, რაც შობადობის შემცირებას ყოველწლიური ტენდენცია აქვს. ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს 46 520 ბავშვი დაიბადა, 2019 წელს - 48 296, 2018 წელს - 51 138, 2017 წელს - 53 293, 2016 წელს - 56 569, 2015 წელს - 59 249.

2015 წლამდე ჩაშლილი სტატისტიკა არ იძებნება, თუმცა, საქსტატს გამოქვეყნებული აქვს ხუთწლიანი პერიოდები, სადაც შობადობის ყველაზე მინიმალური რიცხვი 46 063 დაბადებული ბავშვია (3 744-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს).

2022 წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი).

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2%-დან 26.5%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2%-დან 69.6%-მდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6%-დან 4%-მდე გაიზარდა.

2022 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა.

 

კომენტარები