რუსეთი

პატრუშევი: სამხრეთ რუსეთისთვის განსაკუთრებული საფრთხეა საზღვრებთან მყოფი ბიოლაბორატორიები

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნები კვლავ აგრძელებენ მტკიცებას, თითქოს მათ საზღვრებთან ახლოს არსებობს აშშ-ს ბიოლოგიური ლაბორატორიები, სადაც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ. ამჯერად ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა ისაუბრა

საუბარში კიდევ ერთხელ იყო ნახსენები საქართველოც. 

"სამხრეთის ფედერალური ოლქი – გეოგრაფიული, კლიმატური მახასიათებლების, ტურისტული ნაკადების მრავალი სატრანსპორტო გზის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებული სისტემი გამო, ბიოლოგიური საფრთხეების მიმართ პოტენციურად დაუცველია...

ბიოლოგიური უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის საზღვრების მახლობლად ბიოლაბორატორიების აქტიური საქმიანობა. აშშ-მ და მისმა თანამგზავრებმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შექმნეს ბიოლაბორატორიების ქსელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სფეროში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და სომხეთში, სადაც, სამეცნიერო კვლევების საფარქვეშ, აწარმოებენ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას". – თქვა პატრუშევმა რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე. 

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა აქტიურად დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს აშშ-მ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, შექმნა ბიოლოგიური ლაბორატორიის ქსელები, სადაც ბიო-ქიმიურ იარაღებზე მუშაობენ. აქტიური პროპაგანდა მოჰყვა რუსეთის მხრიდან მტკიცებას, თითქოს უკრაინაში შეჭრის დროს მათ ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორია გაანადგურეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.

რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა წამოაყენა ბრალდება, რომ ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი. ამის შემდეგ, მისი მხრიდან გაჟღერდა კიდევ ერთი ბრალდება, თითქოს საქართველოში დაავადებების გადამტან ღამურებზე ცდებს ატარებდნენ.

ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული  ლაბორატორიების წინააღმდეგ პირველი გაჟღერებული ბრალდება არ არის. მოსკოვი განსაკუთრებულ ყურადღებას რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს აქცევს.

რუსეთმა ჰიბრიდული ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა, სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2020 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები