პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, საერთო ჯამში, 12 ადამიანი დააკავეს

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო PAP ავრცელებს.

"შიდა უსაფრთხოების სააგენტომ გამოავლინა კიდევ 3 პირი, რომელიც წარსულში მხილებული ჯაშუშური ქსელის ფარგლებში მოქმედებდა. მათი საქმიანობა შპიონაჟსა და ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფში მონაწილეობას მოიცავდა. ეს ადამიანები დღეს პატიმრობაში არიან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად". - თქვა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტანისლავ ჟარინმა.

პოლონური სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შედეგად სულ 12 ადამიანი დააკავეს. ჟარინის თქმით, ისინი რუსული სპეცსამსახურების "კონკრეტულ დავალებებს" ასრულებდნენ და ამავდროულად, "სადაზვერვო საქმიანობას" და ანტიპოლონურ პროპაგანდას ეწეოდნენ. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდოს.

ჟარინის ცნობით, ჯაშუშთა ქსელის ძირითადი მიზანი უკრაინისთვის დახმარების (მათ შორის იარაღის) მიწოდების გზების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და სხვა მნიშვნელოვან მარშრუტებსა და სარკინიგზო კვანძებზე დაყენებული ფარული კამერებით ტრანსპორტის გადაადგილების დაფიქსირება იყო.

რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი ჯაშუშთა ქსელი პოლონეთში თავდაპირველად 16 მარტს გამოავლინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცსამსახურებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში ბელარუსიდან იყვნენ შესულები.

კომენტარები