მექსიკის საზღვარი

მექსიკის საზღვარზე, მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძრის შედეგად მინიმუმ 39 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე, სიუდად-ხუარესში, მიგრანტთა დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან უმეტესობა ვენესუელელი მიგრანტი იყო.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემები მექსიკის ეროვნული საიმიგრაციო ინსტიტუტის წარმომადგენელმა გაავრცელა, რომელსაც ხანძრის გამომწვევ მიზეზზე კომენტარი არ გაუკეთებია.  თუმცა ერთ-ერთი მექსიკური გამოცემა წერს, რომ ხანძარი იმ ადამიანებმა გააჩინეს, რომლებიც დაკავებას აპროტესტებდნენ. ინსტიტუტის ცნობით, ხანძრის დროს ადგილზე 68 მამაკაცი იმყოფებოდა.

ზოგიერთ დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რამდენიმე მათგანი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სიუდად-ხუარესი მექსიკის ერთ-ერთი სასაზღვრო თემია, სადაც მიგრანტები აშშ-შi შესასვლელად კუბიდან, ცენტრალური ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან იყრიან თავს.

კომენტარები