postv

დიმიტრი ჩიქოვანი ცრუ დასმენის გამო POSTV-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

მთავარი არხი/ფოტო ვიდეოდან

ნაციონალური მოძრაობის წევრისდიმიტრი ჩიქოვანის თქმით, ცრუ დასმენასთან დაკავშირებით POSTV-სა და ჟურნალისტ ნათია ბერიძის წინააღმდეგ დავას იწყებს. პრეკონფერენციაზე ჩიქოვანმა და მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სამართლებრივი დავის დეტალებზე ისაუბრეს. 

ბექა ბასილაიას თქმით, POSTV-ს მიერ ჩადენილი დანაშაული ბინის მფლობელობის დარღვევის უკანონო მცდელობასა და ცრუ დასმენას მოიცავს. ბასილაიას განმარტებით, ჩიქოვანს გატაცებაში დასდეს ბრალი და ამით ცილი დასწამეს. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესში ბოროტად გამოიყენეს სახელმწიფო და პოლიციური რესურსები.

"[გაავრცელეს ინფორმაცია], თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა. ეს ცილისწამება არ შემოიფარგლა ეთერში მსგავსი განცხადებით, ამ ცილისწამებას მოჰყვა პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება, როდესაც მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოსდა დიმა ჩიქოვანმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაულები. ადგილზე მოვიდა პოლიციის არაერთი ეკიპაჟი და მთელი ღამის მანძილზე, გამთენიამდე, პოლიციელები აწარმოებდნენ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებს დიმა ჩიქოვანის ოჯახში, რითაც არსებითად დაირღვა დიმა ჩიქოვანის უფლებები. ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის რეაგირებას". - თქვა ბასილაიამ. 

ბასილაიამ ისაუბრა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ ეს იყო არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, არამედ ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლომობის მზადყოფნა გამოთქვა. 

"ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ვემიჯნებით და ვგმობთ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ ფაქტს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა. თუმცა, ფაქტები, რის ირგვლივაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, ნამდვილად არ შეიცავს რაიმე მსგავსი დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივცეთ ჩვენება ამ საკითხთან დაკავშირებით და ავხსნათ დეტალურად, რომ ეს იყო არა ჟურნალისტზე ძალადობა, არა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, არამედ ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა. შესაბამისად, რაიმე ტიპის დანაშაულზე საუბარი ზედმეტია. ვინაიდან დაიწყო ამ საკითხზე გამოძიება, ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ მზადყოფნას გამოვცხადდეთ საგამოძიებო სამსახურში და წარვადგინოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დაადასტურებს, რომ არანაირ კრიმინალს არ ჰქონია ადგილი".  - აღნიშნა ბასილაიამ.  

24 მარტს სამთავრობო ტელევიზია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენმ-ს წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს ჟურნალისტი თათია სამხარაძე ჰყავდა გატაცებული. ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ბინა გაჩხრიკეს. დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან POSTV-ს ჟურნალისტები მომდევნო დღეების განმავლობაშიც დარჩნენ, ასევე, მივიდნენ თათია სამხარაძის სახლთან. მოგვიანებით, თათია სამხარაძემ ინფორმაცია უარყო და დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. გუშინ, 27 მარტს სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ქალებზე ძალადობა და ხელისუფლება მის წახალისებაში გააკრიტიკა. 

თათია სამხარაძემ პირველი ქალია, რომელმაც პროპაგანდისტული პოსტივის დირექტორი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოც მოუგო.  

ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა. შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს.

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დაარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.

კომენტარები