სექსუალური შევიწროება

ასათიანი: ME TOO, ოღონდ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს

ჟურნალისტი მაია ასათიანი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სექსუალურად ავიწროებდნენ.

“პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს,რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ... მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოკრავ თვალს სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული აქვს ,ცდილობ არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო... მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ...

რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ რომ როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემს გარშემო ამ მამაკაცის შევიწროვებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი,არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიხულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! ME TOO!!! ოღონდ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!” - წერს მაია ასათიანი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე.


მანმდე, ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი 20 მარტს სექსუალურ ძალადობაში ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ დაადანაშაულა. 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა - გვანცა ბუდაღაშვილმა.

შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემაც დაადანაშაულა. ჩანაწერი, რომელიც რამიშვილისა და გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს, ტელეკომპანია ფორმულამ 25 მარტს გაავრცელა, ხოლო გაჩეჩილაძემ მისი ავთენტურობა დაადასტურა.

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა და დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში მოუგო. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დაარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.

კომენტარები