თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

აზარაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს დასაქმების კუთხით პრობლემა არ შეექმნება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სამედიცინო პერსონალის პროტესტს პასუხობს.

მინისტრი ამტკიცებს, რომ არცერთ ექიმს, ექთანსა და სანიტარს დასაქმების კუთხით პრობლემა არ შეექმნება და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა მომავალ კვირას შედგება. 

"შემიძლია დაგიდასტუროთ, ისევე, როგორც პრემიერმა, რომ არცერთი სამედიცინო პერსონალი არ დარჩება სამსახურის გარეშე. არცერთ ექიმს, ექთანს თუ სანიტარს, არანაირი პრობლემა დასაქმების კუთხით  და შესაბამისი ანაზღაურების კუთხით, რასაც ისინი დღეს იღებენ, არ ექნება. მომდევნო კვირას ამ ადამიანებს შევხვდებით და ყველა დეტალს გავაცნობთ. არაფერი დასამალი არ გვაქვს". - ამბობს მინისტრი. 

აზარაშვილმა განმარტება გააკეთა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით - მისი თქმით, გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას არ გულისხობს. 

"რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს. წერილს თუ კარგად წაიკითხავთ, იქ არის დეტალურად განმარტებული". -აღნიშნა მინისტრმა. 

მანამდე, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების შემდეგ გამოწვეულ ხმაურს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა - მისი თქმით, საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს

კომენტარები