ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში

ბერბოკი: ჩვენ ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია ხედავს ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს. განცხადება, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს, ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე გააკეთა.

"საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი მკაფიო მიზნად აქვს. ბოლო კვირებში, ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, იმ დროს, როდესაც პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად იყვნენ გამოსულნი. ჩემი ვიზიტისას, მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს, რომელსაც [ევროპულ კურსს] ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა როგორც შიგნიდან, ასევე გარედან განიცდის.

საქართველოს მთავრობას გავესაუბრები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემისცემასთან ერთად, საქმე ეხება მედიის თავისუფლებას, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და ცივილურ საჯარო დებატებს – მაშინაც კი, როცა შეხედულებები დაშორებულია. ევროკავშირში ეს ღირებულებები გვაერთიანებს და მტკიცედ გვწამს, რომ აქ შემოკლებას ან ფასდაკლებას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი". - აღნიშნავს ბერბოკი.

გარდა ამისა, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ანალენა ბერბოკი ვიზიტის დროს, სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მთავრობის წევრებს შეხვდება. ამავდროულად, შეხვედრა გაიმართება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან და შემდეგ კი ბერბოკი პირადად ეწვევა საოკუპაციო ხაზსაც.

კომენტარები