საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.  

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ტუნისის რესპუბლიკის მოქალაქეებმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს: 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ე.-ს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ედებათ. 

რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს - 2002 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და 1978 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები