ტექდათვალიერება

ტექინსპექტირების გავლის განმეორებით დარღვევისთვის 150 ლარით, შემდეგ 300 ლარით დაჯარიმდებით

Bayram Isgandarov / newscafe.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება.

მოქმედი კოდექსის მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, თუ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის, ან ტექნიკურინსპექტირებაგაუვლელი მანქანის სხვა პირისთვის გადაცემის გამო დაჯარიმებული ხართ და ამას განმეორებით გააკეთებთ, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე – 300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ სამართალდარღვევა ისევ განმეორდა, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით და იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე - 500 ლარით.

იმავე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

ტექინსპექტირება 2018 წლიდანაა სავალდებულო. ტექდათვალიერების დროს ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.

კომენტარები