ტექდათვალიერება

მერია: უცნობია რის საფუძველზე გაიცემოდა ტექდათვალიერების ყალბი ცნობა, TTC-ის გადაცდომა არ არის

ყვითელი ავტობუსები
Newspost.ge

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის თანამშრომლების დაკავებას ეხმაურება. მათი განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.

"ჩვენთვის უცნობია, რის საფუძველზე გასცემდნენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები ყალბ საბუთებს და იმედი გვაქვს, ამას გამოძიება დაადგენს.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა და დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და დაიწყო მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი.  

თბილისის მერია ყოველთვის გამოდიოდა და დღესაც გამოდის ტექნიკური დათვალიერების ზომების გამკაცრების წინადადებით, რადგან ყოველი გაუმართავი ავტოტრანსპორტი დიდ დარტყმას აყენებს დედაქალაქს" - აცხადებს თბილისის მერია. 

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. "ყვითელ“ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდა. 

კომენტარები