ჩინეთი

ვინ ვინ არის ჩინეთის ახალ მთავრობაში – ახალი სახეები და ძველი პრეზიდენტი

ჩინეთი

ვინ ვინ არის ჩინეთის ახალ მთავრობაში – ახალი სახეები და ძველი პრეზიდენტი

ჩინეთის პრეზიდენტობის ისტორიული მესამე ვადის დაწყების შემდეგ სი ძინფინგმა პარლამენტს – ეროვნულ სახალხო კონგრესს მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები წარუდგინა. ჩინეთის ბუტაფორიულმა  საკანონმდებლო ორგანომ ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი სამთავრობო ცვლილებები უკვე დაამტკიცა.

სის ინიციატივით ასევე იქმნება კომუნისტური პარტიის ახალი შიდა კომისიები, რომლებიც ზედამხედველობას გაუწვენ სამინისტროებს და მარეგულირებლებს, რაც პრეზიდენტის ხელში პოლიტიკური კონტროლის მთავარი იარაღი იქნება.

პარტიის რეორგანიზაცია ასევე მოიცავს ორი ცალკეული ფინანსური ორგანოს შექმნას – ერთი, რომელიც გააკონტროლებს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტს და მეორე – რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს, ამასთან შეიქმნება ახალი ცენტრალური სოციალური მუშაობის დეპარტამენტი, რათა გააფართოვოს პარტიის წვდომა ბიზნესებისა და საბაზრო ორგანიზაციების სამუშაოზე.

ჩინეთის ხელისუფლები ახალი საკვანძო ფიგურები

მაკონტროლებელი კომიტეტების ფორმირებასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის ცვლილება სრული ძალაუფლების პრეზიდენტ სი ძინფინგის ხელში კონცენტრირებას უწყობს ხელს. პარტია ცდილობს უზრუნველყოს, რომ მისი ფინანსური სისტემა, ტექნიკური სექტორები და სოციალური მართვის სისტემა მზად იყოს ნებისმიერი რისკისთვის როგორც გეოპოლიტიკაში, ისე ფინანსურ ბაზარზე, სოციალურ სტაბილურობასა და კიბერუსაფრთხოებაში.

ამ მიზნის მიღწევის გზა იყო მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება და მათ შორის, პრემიერმინისტრად, ანუ ფორმალურად მთავრობის მეთაურად და თეორიულად პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან ადამიანად ლი ციანგის დასახელებაც.

ლი ციანგი – პრემიერმინისტრი

Ng Han Guan/AP

ლი ციანგი ჯერ კიდევ 2000-იან წლებში, როდესაც სი ძინფინგი ჭეძიანგის პროვინციას ხელმძღვანელობდა, მისი შტაბის უფროსი იყო. შემდეგში ის თავად გახდა ჭეძიანგის გუბერნატორი. ლი სი ძინფინგის ერთგული მიმდევარია და 1949 წლის შემდეგ პირველი პრემიერმინისტრი გახდა, რომელმაც ეს თანამდებობა ვიცეპრემიერის პოსტზე მუშაობის გარეშე მიიღო. თეორიულად, ლი პარტიულ იერარქიაში მეორე ადგილზეა.

ტინგ სიუესიანგი – აღმასრულებელი ვიცეპრემიერი

Ng Han Guan/AP

ტინგ სიუესიანგი პარტიის გენერალური ოფისის ხელმძღვანელი და სი ძინფინგის შიდა წრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ის ხშირად ჩნდება პრეზიდენტთან ერთად ყველა სახის შეხვედრაზე. ტინის კარიერა შანხაიში დაიწყო და 2007 წლიდან, სი ძინფინგის იქ მუშაობის დროს მისი მდივანი იყო. ახალ ამპლუაში ტინის მთავარი მოვალეობა ეკონომიკის ზედამხედველობა იქნება.

ხე ლიფენგი – ვიცეპრემიერი

Lintao Zhang/Getty Images

მოსალოდნელია, რომ ხე ლიფენგი იქნება მთავარი პერსონა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებისა და ინვესტიციების საკითხებში. ის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას, რომელიც ჩინეთის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემქმნელი მთავარი სახელმწიფო სააგენტოა. მისი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინფინგთან 1990-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ორივე მათგან ფუნჯიანის პროვინციაში მუშაობდა. ხე ლიფენგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის 24-კაციანი პოლიტბიუროს წევრიცაა.

ხან ჭენგი – ვიცეპრემიერი

GREG BAKER/POOL/AFP via Getty Images

ხან ჭენგი მინისტრთა კაბინეტის სხვა ახალ წევრებთან შედარებით განსხვავებული შემთხვევაა. ის მათ მსგავსად პრეზიდენტის აქტიური მოკავშირე აქამდე არ ყოფილა, თუმცა შანხაიში საქმიანობის შემდეგ ხანმა სი ძინფინგის მოწონება დაიმსახურა. იგი ხელმძღვანელობდა ჰონგ-კონგის მეთვალყურეობის პროცესს ბრიტანეთის კოლონიად ყოფნის მნიშვნელოვან პერიოდში.

ვანგ ხუნინგი – პარლამენტის პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ხელმძღვანელი

Ng Han Guan/AP

ვანგ პოლიტიკური თეორეტიკოსი და ყოფილი აკადემიკოსია, რომელსაც კონსერვატიული და მკაცრად ნაციონალისტური შეხედულებები აქვს. სავარაუდოა, რომ სი ძინფინგის არჩევანზე ამას დიდი გავლენა ჰქონდა. ვანი არაერთი ჩინელი ლიდერის სამსახურში უნახავთ. მისმა წინამორბედმა ამ პოსტზე გადამწყვეტი როლი ითამაშა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკის ფორმირებაში და რადიკალიზაციაში, მათ შორის სინძიანგის რეგიონში.

ჭაო ლეძი – ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარე

Ng Han Guan/AP

ჭაო თეორიულად პარტიულ იერარქიაში მესამე ადგილს იკავებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის კომუნისტური პარტიის ანტიკორუფციულ ფრთას ხელმძღვანელობდა, რაც სი ძინფინგისთვის ძალაუფლების კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მანამდე ჭაო სათავეში ედგა პარტიულ სტრუქტურაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც საჯარო მოხელეებსა და უწყებების პერსონალს ზედამხედველობდა. როგორც ბუტაფორიული საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, ჭაო უზრუნველყოფს, რომ ჩინეთის კანონმდებლობა კომუნისტური პარტიისა და სი ძინფინგის პოლიტიკურ პრიორიტეტებს შეესაბამებოდეს და ეს პროცესი ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე წარიმართოს.

ცინ კანგი – საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მრჩეველი

Lintao Zhang/Getty Images

ცინმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2022 წლის დეკემბერში დაიკავა, თუმცა კონგრესის ბოლო სხდომაზე ის ასევე დაინიშნა სახელმწიფო მრჩევლის პოსტზეც. ეს თანამდებობა მინისტრთა კაბინეტში ერთი საფეხურით ჩამორჩება ვიცეპრემიერის პოსტს და საგარეო პოლიტიკაში მთავრობის ფუნქციებს ავსებს. ცინი მინისტრობამდე აშშ-ში ჩინეთის ელჩი იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცინს პრეზიდენტის განსაკუთრებული ნდობა აქვს. ის 56 წლისაა და მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრია.

ლი შანგფუ – თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო მრჩეველი

NOEL CELIS/AFP via Getty Images

ლი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გენერალია. ის 2018 წლიდან აშშ-ს სანქციების ქვეშაა რუსული იარაღის მთავარი ექსპორტიორისგან საბრძოლო თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის შეძენის გამო. ოფიციალური ცნობების თანახმად, ლი მუშაობდა ჩინეთის სამხედრო კოსმიურ პროგრამაზე, მან ასევე დიდი დრო გაატარა შეიარაღების გენერალურ სარდლობაშიც.

ი კანგი – ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელი

WANG ZHAO/AFP via Getty Images

ი კანგი ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელის პოსტს 5 წელია იკავებს და მისმა ხელახლა დანიშვნამ ბევრი გააკვირვა, რადგან გასულ ათწლეულებში ბანკს მსგავსი ხანგრძლივი ვადით ხელმძღვანელი არ ჰყოლია. ი კანგი ჩინეთის ცენტრალურ ბანკში 1990-იანი წლებიდან მუშაობს. იქამდე სწავლობდა შეერთებულ შტატებში და პროფესროად მუშაობდა ინდიანას უნივერისტეტში. ეკონომისტების შეფასებით, კანგის თანამდებობაზე დატოვება სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

სამთავრობო ცვლილებების პროცესში კონგრესმა სახელმწიფო საბჭოში ასევე დაამტკიცა 2 ახალი ვიცეპრემიერი, 2 სახელმწიფო მრჩეველი და საჯარო უსაფრთხოების მინისტრი – საპოლიციო ძალების ხელმძღვანელი.

სახელმწიფო საბჭო კონსტიტუციურად 1954 წლიდან ჩინეთის ცენტრალური სახალხო ხელისუფლების სინონიმია, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებით. მას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს და ვიცეპრემიერებთან ერთად მოიცავს სახელმწიფო მრჩევლებსა და სამინისტროების ხელმძღვანელებს.

ბოლო კონგრესით სი ძინფინგმა საბჭო დააკომპლექტა იმ ადამიანებით, რომლებსაც ის ნებისმიერი კრიზისის პირობებში მოქმედებისთვის სანდოდ მიიჩნევს. სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად მისცემს მათ სივრცეს მანევრირებისთვის და ექსპერიმენტული პოლიტიკის გატარებისთვის. მთავრობის ახალი თუ ძველი სახეები მაღალკვალიფიცირებული ტექნოკრატები არიან, რომლებიც ჩინეთისა და არა მხოლოდ ჩინეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ.

სახელმწიფო საბჭოს ახალი შემადგენლობის გამოცდა უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში გამოვლინდება, შეძლებენ თუ არა გაჟღერებული "საერთო კეთილდღეობის" შექმნასა და სი ძინფინგის პოზიციების გაძლიერებას როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში.

კომენტარები