რუსული კანონი

იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა POSTV ასრულებს – ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამთავრობო მედია POSTV-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, POSTV ხელს უწყობს მადისკრედიტირებელი განწყობის გაღვივებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ქარტიის განცხადებით "იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს."

ქარტიის განცხადებით, ტელევიზიის მიერ დაწყებულია დისკუსიები, რომლებიც საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ევროსკეპტიციზმს აღრმავებს.

"პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში." - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, მედიის ვალდებულებაა საზოგადოების სწორი ინფორმაციით აღჭურვა და არა ქვეყნის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული, არჩეული, ურყევი კურსის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.  ასევე, ქარტიის განცხადებით, არცერთი მედია არ უნდა გაცდეს საერთაშორისოდ აღიარებულ მედია სტანდარტებს.

"მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება. მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას. ამასთან, მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, არ უნდა ცდილობდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის კურსის საწინააღმდეგო კამპანიების წარმოებას. მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. გარდა ამისა, მედია ვალდებულია დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები." - წერია ქარტიის განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ყველა მედიას, მათ შორის, POSTV-ს, უნდა ახსოვდეს მედიის როლი და დანიშნულება.

კომენტარები