ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის დასავლეთით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

Hwasong-17-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღლუმზე

16 მარტს, დილის საათებში კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის ზღვაში ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. აღნიშნული ინციდენტი სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერების მნიშვნელოვანი სამიტის წინ მოხდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეკავების გზების განხილვაა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ, ოშიმას კუნძულის დასავლეთით 200 კილომეტრში ჩამოვარდა. 

"ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება ბარბაროსული აქტია, რომელიც ახდენს საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მისი პროვოკაციების ესკალაციას. დღეს, იაპონია-სამხრეთ კორეის სამიტზე ჩვენ დავადასტურებთ მჭიდრო თანამშრომლობას სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან ჩრდილოეთ კორეის სრული ბირთვული განიარაღების მიმართულებით". – ამბობს იაპონიის კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელი, ჰიროკაზუ მაცუნო. 

13 მარტს, აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეამ 12 მარტს წყალქვეშა ნავიდან ორი სტრატეგიული ("სტრატეგიული" ჩვეულებრივ გამოიყენება იარაღის აღსაწერად, რომელსაც აქვს ბირთვული შესაძლებლობები) ფრთოსანი რაკეტა გამოცადა. ინფორმაცია კორეის სამთავრობო არხმა KCNA-მ გაავრცელა.

KCNA-ს ინფორმაციით, გაშვებამ დაადასტურა სისტემის სანდოობა და გამოცადა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეკავების ნაწილის, წყალქვეშა ნავების დანაყოფების წყალქვეშა თავდასხმითი ოპერაციების შესაძლებლობები.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა (JCS) აღნიშნეს, რომ სამხედროები მზადყოფნაში იმყოფებოდნენ, ხოლო ქვეყნის სადაზვერვო სააგენტო ამერიკელ კოლეგებთან ერთად გაშვების სპეციფიკის გასაანალიზებლად მუშაობს.

13 მარტს სამხრეთ კორეისა და ამერიკის ჯარებმა დაიწყეს ერთობლივი 11-დღიანი წვრთნები, სახელწოდებით "თავისუფლების ფარი 23", რომელიც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება.

ჩრდილოეთ კორეა წვრთნებს შეჭრის რეპეტიციად მიიჩნევს. ამასთანავე, გასულ წელს მან ჩაატარა რეკორდული რაოდენობის სარაკეტო ტესტები და წვრთნები, რაც, მისი თქმით, არის ბირთვული შემაკავებელი ძალის გაძლიერებისა და მეტი იარაღის მზადყოფნაში მოყვანის მცდელობა.

კომენტარები