აშშ-რუსეთი

შუმერი პუტინს: შეწყვიტეთ ეს ქმედებები, სანამ გაუთვალისწინებელი ესკალაციის მიზეზი გახდებით

აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი 
POLITICO

აშშ-ს კონგრესში სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა შავი ზღვის თავზე აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი სამხედროების მიერ ჩადენილი მორიგი უგუნური ქმედება უწოდა

"მინდა ვუთხრა ბატონ პუტინს, შეწყვიტეთ ეს ქმედებები, სანამ გაუთვალისწინებელი ესკალაციის მიზეზი გახდებით". – აღნიშნა შუმერმა აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ს ევროპული სარდლობის ინფორმაციით შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 შეეჯახა. 

უწყების ცნობით, ორმა რუსულმა Су-27-მა "შეასრულა სახიფათო და არაპროფესიონალური გზის გადაჭრის" მცდელობა აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის დრონის, MQ-9-ის წინააღმდეგ, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო ზონაში დაფრინავდა.

"დაახლოებით 7:03-ზე ერთ-ერთი რუსული Su-27 MQ-9-ის პროპელერს შეეჯახა, რის შედეგადაც აშშ-ს ძალებს MQ-9-ის საერთაშორისო წყლებში ჩამოგდება მოუწია. შეჯახებამდე რამდენჯერმე, Su-27 MQ-9-ს ასხამდა საწვავს და მის წინ დაუფიქრებლად დაფრინავდა, გარემოს შეუსაბამო და არაპროფესიონალური ქცევით. ეს ინციდენტი არაუსაფრთხო და არაპროფესიულობის გარდა კომპეტენციის ნაკლებობის გამოვლინებაა". – ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ს საჰაერო ძალების გენერლის, ჯეიმს ბ. ჰეკერის თქმით, MQ-9 რუტინულ ოპერაციებს ატარებდა, როცა მას შეეჯახა რუსული თვითმფრინავი, რომელიც კინაღამ ასევე ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დრონი საკუთარი "მკვეთრი მანევრირების" შედეგად ჩამოვარდა. 

კომენტარები