რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვის სეიმმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ვაგნერის ჯგუფის შევრონი

ლიტვის სეიმმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. შესაბამის რეზოლუციას პარლამენტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ვაგნერის ჯგუფის მიერ დაქირავებული მებრძოლები ბრალდებულნი არიან "სისტემატიურ სერიოზულ დანაშაულებებში", რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს.

"რუსი სამხედროები და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები რომელებიც აქტიურად მონაწილეობენ სამხედრო მოქმედებებში აგრესორის მხარეს, ჩადიან სისტემატიურ, მძიმე დანაშაულებს, როგორებიცაა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და წამება, ასევე, საცხოვრებელი სახლების დაბომბვა, რაც უტოლდება ტერორიზმს". - წერია რეზოლუციაში.

გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას რუსეთის მთავრობისგან იღებენ, შესაბამის მომზადებას კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში გადიან.

ამასთან, ლიტვის სეიმი მოკავშირე ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდებს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად მათაც აღიარონ.

კომენტარები