ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, აგენტების კანონის საპროტესტო აქციები პირველ რიგში ახალგაზრდების ძალის დემონსტრირება, ხოლო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებები რეპრესიების დაანონსება იყო.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მყისიერად უნდა ვიყოთ მზად რეაქციისთვის პრემიერის გუშინდელი გამოსვლის ფონზე, თუ კი ამ პუტინისტურმა რეჟიმმა გაბედა იმ რეპრესიების განხორციელება, რომელიც პრემიერმა გუშინ უტიფრად დააანონსა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩავლილი მოვლენების ფონზე რამდენიმე ფაქტი შევაჯამოთ: რამ მოიტანა ის შედეგი, ის წარმატება, რასაც ამ ეტაპზე უდავოდ წარმატება უნდა ვუწოდოთ – ეს მოიტანა მკაფიო გზავნილმა იმ საზოგადოების მხრიდან, ვინც რუსთაველზე იდგა, მკაფიოდ ნათქვამმა ამოცანამ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო რეაქციამ, ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ეს.
თუმცა ერთია პუტინისტური რეჟიმის მავნებლური ნაბიჯის შეჩერება და მეორეა ქვეყნის რეალური წინსვლა. პირველი ასეთი ეფექტური პროტესტითაა შესაძლებელი, ხოლო მეორე შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლის გარეშე". – თქვა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ამბობს, რომ პროტესტმა პარტიებს საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ უნდობლობის პრობლემა დაანახა.
"პირველი, რაც გვანახა ამ პროტესტმა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, გვაქვს პრობლემა ნდობის, ლეგიტიმაციისა და კონტაქტის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან. ეს უნდა იყოს დღეს ფოკუსი, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ განხორციელდება.
მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილი. ახლა პოლიტიკური ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი საუკეთესო მეგობრებისგან კვლავ არ მივიღოთ მცდარი გზავნილები, ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ, ისევ გადღაბნილი გზავნილები დეპოლარიზაციაზე, რაღაც გაურკვეველ დიალოგზე, ანუ ილუზია რეალური შედეგებისა ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე. ეს არი ჩვენი აზრით, რაზეც საზოგადოება უნდა იყოს დღეს კონცენტრირებული, ხოლო პოლიტიკურ ძალებს ამ საკითხში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს". – თქვა ბოკერიამ.





