რუსული კანონი

კობახიძე: 78-ე მუხლი კონსტიტუციაში ჩემი ხელით არის დაწერილი, შეხსენება არ მჭირდება

78-ე მუხლი კონსტიტუციაში პირადად ჩემი ხელით არის დაწერილი, აქედან გამომდინარე, ამ მუხლის შეხსენება არც მე მჭირდება და არც ჩემს კოლეგებს, ბუნებრივია. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში განვითარდა - გარკვეული აღქმა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ინიცირებული კანონი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ეს აღქმა არ ეფუძნებოდა ობიექტურ საფუძველს - რომ გავყვეთ კანონის შინაარსს, არაფერი კავშირი არ აქვს რუსულ ანალოგთან, არც ამერიკულ ანალოგთან, უბრალოდ, იყო ბრენდირება, რის წინააღმდეგაც, სამწუხაროდ, არგუმენტები არ იყო საკმარისი.

კანონპროექტი არ იყო წინააღმდეგობაში ჩვენს ევროპულ მომავალთან, პირიქით, ის უზრუნველყოფდა ორგანიზაციების გამჭვირვალობას, რომელიც არის ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი, თუმცა მეორე იყო აღქმა და ჩვენ ამ აღქმას ანგარიში გავუწიეთ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება - კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები