აზერბაიჯანის ელჩი ისრაელში, მუხთარ მამადოვი ამბობს, რომ სახელმწიფოებს სხვა ქვეყანაზე თავდასასხმელად აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენების უფლებას არ მისცემენ.
აქამდე ისრაელის მედია Haaretz-მა გაავრცელა ცნობა, თითქოს მარტში აზერბაიჯანმა საკუთარი აეროდრომები ისრაელისთვის გაამზადა, თუ იერუსალიმი ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანას გადაწყვეტდა, ან იმისთვის, რომ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურს, მოსად აზერბაიჯანში დაეფუძნებინა ირანის მონიტორინგის წერტილი.
"ზერბაიჯანმა თავიდანვე განაცხადა, რომ ის სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ჩაერევა და არ დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის სხვა ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებას... ეს იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებისგანაც ველით, არ ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში". – თქვა აზერბაიჯანის ელჩმა ისრაელში.
დიპლომატმა Jerusalem Post-ის შეკითხვას, აქამდე გავრცელებული ცნობები იყო თუ არა სიცრუე, უპასუხა, რომ სიცრუე იყო.
ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელს აზერბაიჯანის აეროდრომები შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავების საწვავის შესავსებად დასჭირდეს.
ნეთანიაჰუ: თუ ირანის წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ, პოტენციური ბირთვული ომის წინაშე დავდგებით
გასულ კვირებში გავრცელდა ცნობა, რომ ირანმა ურანი 84%-მდე გაამდიდრა. ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭიროა 90%-მდე გამდიდრებული ურანი. აქამდე, ცნობილი იყო, რომ ირანს ურანი 60%-მდე ჰქონდა გამდიდრებული.
2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.
ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.