რუსული კანონი

ლომჯარია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ დემონსტრანტების ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ 7-8 მარტს პარლამენტთან აქციის მონაწილეების დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს. ლომჯარია ამბობს, რომ სამართლებრივი პასუხი ყველას მოეკითხება.

"ეს ბოთლი დღეს აღმოვაჩინე ჩანთაში, სასწრაფოს მანქანაში ექიმმა მომცა, ჩემზე მძიმედ მყოფებს რომ დავხმარებოდი. გუშინ ათასობით მოქალაქესთან ერთად მშვიდობიანად ვიდექი პარლამენტის წინ, როდესაც გაფრთხილების გარეშე, ყველა მხრიდან დაიწყო გაზის ტყვიების სროლა. გასაქცევი არსად იყო, წამებში შემეკრა სუნთქვა და თვალებში დამიბნელდა. ქაშუეთის მიმართულებით გავიქეცი, სადაც ჭყლეტა იყო, გავრბოდით და გაზის ტყვიები ფეხებში გვეცემოდა, გაჭედილობაში სუნთქვა შეუძლებელი იყო, გაზი კი იმატებდა. იმ წუთას რაზეც ვფიქრობდი, ის იყო, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ჭყლეტაში მყოფ ხალხს გაზს ესროდა და საშინელი წამებისთვის და ტანჯვისთვის იმეტებდა მათ, ვისაც არ გვინდა, რომ ეს ქვეყანა რუსეთი გახდეს. პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუშინ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს. სამართლებრივი პასუხი ყველას მოგეკითხებათ. პ.ს. მადლობა სასწრაფოს ექიმებს, თქვენ გუშინ სინათლის სხივი იყავით". - წერს FACEBOOK-ზე ნინო ლომჯარია.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

კომენტარები