რუსული კანონი

საპატრიარქო: პოლარიზების გამღვივებელი განცხადებები მშვიდობის დარღვევის მცდელობაა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკლესია "გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის".

"გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან". – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო ასევე წერს საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით სასულიერო პირების განცხადებებზე და აღნიშნავს, რომ "ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისთვის".

"სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული "სიმპათიები" თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა და გაჟღერებულა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად განცხადებებში ევროინტეგრაციის გზის შესახებ". – ნათქვამია განცხადებაში.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს.

7 მარტის აქციაზე პოლიციამ 66 მოქალაქე დააკავა, დაკავებები გაგრძელდა 8 მარტსაც.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

კომენტარები