რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთს უნდა რცხვენოდეს" – ნედ პრაისი უკრაინელი სამხედროს დახვრეტაზე

Manuel Balce Ceneta/Pool via REUTERS

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა სამშაბათს, 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე დაგმო რუსი ჯარისკაცები, რომლებმაც უკრაინელი სამხედრო სიტყვების - "დიდება უკრაინას" წარმოთქმის შემდეგ დახვრიტეს. 

"უიარაღო უკრაინელის შემაძრწუნებელი გამოსახულება, რომელიც სიკვდილით დასაჯეს მარტივი სიტყვების "დიდება უკრაინას" თქმის შემდეგ, უბრალოდ თავზარდამცემია ბარბაროსობის თვალსაზრისით. რუსეთს უნდა რცხვენოდეს". - აღნიშნა პრაისმა.

ამასთანავე, პრაისის თქმით, კადრებში ჩანს, რომ რუსეთი "არღვევს ომის ძირითად წესებსა და ელემენტარულ წესიერებას".

გარდა ამისა, ბრიფინგზე პრაისმა აღნიშნა, რომ რუსეთი ომის დანაშაულის ათი ათასობით შემთხვევაზეა პასუხისმგებელი. 

გასულ დღეს მედიაში უკრაინელი ტყვის რუსების მიერ დახვრეტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კადრებში ჩანს შეუიარაღებელი სამხედრო და ისმის ხმა: "გადაუღეთ". მამაკაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ამბობს: "დიდება უკრაინას", რის შემდეგაც მას რამდენიმე მხრიდან ცეცხლს უხსნიან და კლავენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამხედროს დახვრეტის კადრებზე გამოძიება დაიწყო.

უკრაინის გენშტაბის წინასწარი ინფორმაციით უკრაინელი სამხედრო, რომლის ოკუპანტების მიერ დახვრეტის კადრებიც გასულ დღეს გავრცელდა, თავად კონსტანტინ ოსტროზკის სახელობის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ტიმოფეი შადურა არის. 

კომენტარები