რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბმა რუსების მიერ დახვრეტილი სამხედროს სავარაუდო ვინაობა დაადგინა

მარცხნივ: 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ლოგო; მარჯვნივ: დახვრეტილი უკრაინელი სამხედრო.

უკრაინის გენშტაბის წინასწარი ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო, რომლის ოკუპანტების მიერ დახვრეტის კადრებიც გასულ დღეს გავრცელდა, თავად კონსტანტინ ოსტროზკის სახელობის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ტიმოფეი შადურა არის. 

შადურა უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2023 წლის 3 თებერვლიდან, ქალაქ ბახმუტის რაიონში ჩატარებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ ითვლებოდა. უკრაინის ცნობით, ცხედარი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

30-ე მექანიზებულ ბრიგადაში ამბობენ, რომ ვინაობას საბოლოოდ მაშინ დაადასტურებენ, როცა ცხედარს დაიბრუნებენ და შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება.

"შეუიარაღებელი ტყვის დახვრეტა ცინიკური და თავხედური დახვრეტა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების ცინიკური და თავხედური უგულებელყოფა. ასე უსუსური მკვლელები იქცევიან და არა მეომრები. რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უკრაინაში მათი მთავარი მიზანი მხოლოდ უკრაინელების ნადირულად დახოცვაა". – წერს უკრაინის გენშტაბი და პირობას დებენ, რომ სამართლის ფარგლებში, ყოველ მოკლულ სამხედროზე შურს იძიებენ.

გასულ დღეს მედიაში უკრაინელი ტყვის რუსების მიერ დახვრეტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კადრებში ჩანს შეუიარაღებელი სამხედრო და ისმის ხმა: "გადაუღეთ". მამაკაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ამბობს: "დიდება უკრაინას", რის შემდეგაც მას რამდენიმე მხრიდან ცეცხლს უხსნიან და კლავენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამხედროს დახვრეტის კადრებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები