რუსული კანონი

ზახაროვა უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის შესახებ ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა

მარია ზახაროვა

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა Telegram-ზე გამოეხმაურა.

"ბორელის თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ახლა გასაგებია, რატომ არ არის აშშ ევროკავშირის წევრი. ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს". - წერს მარია ზახაროვა Telegram-ზე.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადების მიხედვით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

"სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და ახსენებს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას". - აღნიშნულია განცხადებაში. 


76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. 

საპროტესტო აქციამ დაძაბული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოელ აგენტთა გამჭვირვალობის კანონი დაჩქარებული პირველი მოსმენით მიიღო. დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო და წარადგინა ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. ქართული ოცნება პირველი მოსმენით მხარს ორივე კანონპროექტს უჭერს, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში აგზავნის

კომენტარები