რუსული კანონი

კარასინი: ბორელი საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის მტკიცებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს.

კარასინმა ანტიდასავლური პროპაგანდისტული შეფასება საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

"გთხოვთ, შეაკავეთ ბორელი! კვლავ თავისი ჭკუის დარიგებით ეტენება, ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე წესიერების ფარგლებს სცდება". – დაწერა კარასინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადების მიხედვით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები