რუსული კანონი

როიტენი: EU-ს დროშის მამაცურად ფრიალი - საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნება უნდა მიიღოს

"მამაცურად აფრიალებს ევროკავშირის დროშას. საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნება უნდა მიიღოს. რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის, დემოკრატიისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ხმის მიცემაა. საქართველო არის ევროპა. არა რუსულ კანონს!" - წერს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, ტეის როიტენი Twitter-ზე.

76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. მეორე ვერსია დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ. 

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის განხილვა დაიწყო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

კომენტარები