ქართული ოცნება

ღარიბაშვილი ევროპარლამენტზე: სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრეს, რომ სააკაშვილი მათი აგენტია

მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე კვირის წინ მიღებულ სამარცხვინო რეზოლუციას ევროპარლამენტის, რითიც, ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრეს, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი, მათი მსახური იყო.

მათ [ევროპარლამენტარებს] უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა, კლავდა, აწამებდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, სრულად დახშული იყო მედიათავისუფლება, არცერთი მედია არ არსებობდა. [...] ეს მათ არ აინტერესებთ, მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გვაინტერესებს, ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი და უნდა გამოუშვათ ციხიდან. 

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მინდა ეს ვუთხრა ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც ჭკუას არიგებენ ქართველ ხალხს - ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანას. ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი სისტემა. ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 15 თებერვალს, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას უფლება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

კომენტარები