რუსეთი

კრემლს 2024 წელს 2018 წლის არჩევნების შედეგის გაუმჯობესება სურს

23 თებერვალს  ვლადიმირ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილებს მიაგებს პატივს, მოსკოვი, რუსეთი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაცია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 2018-თან შედარებით შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს.

ამის შესახებ RBC წყაროებზე დაყრდნობით წერს. კრემლი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოს არა მხოლოდ მხარდაჭერის პროცენტი, არამედ აქტივობაც, რათა კანდიდატმა აბსოლუტურ რიცხვებში მეტი ხმა მიიღოს.

კანდიდატი სავარაუდოდ პუტინი იქნება. 2020 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მას შესაძლებლობას აძლევს, კენჭი ზედიზედ მეხუთე ვადით იყაროს. 

კრემლს მიაჩნია, რომ პუტინის რეიტინგი გასული წლის სექტემბერში უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა და, ამასთანავე, ამ ტერიტორიებზე ხალხი მასიურად დაუჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტს. ამასთან, გაუგებარია, რამდენი რუსეთის მოქალაქე იმყოფება ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ შეიძლება იქ არჩევნების ჩატარება - მაშინ, როცა საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

2018 წლის არჩევნებზე, ოფიციალური მონაცემებით, პუტინს ხმა მისცა ამომრჩეველთა 76%-ზე მეტმა (56,4 მლნ ხმა), აქტივობა კი 67,5% იყო. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბევრ რეგიონში არჩევნები გაყალბდა მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ - როგორც ჩანს, უმრავლესობამ მისცა ხმა, თუმცა, სავარაუდოდ, დამატებით მილიონობით ხმა მიეწერა.

ცოტა ხნის წინ ფედერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება დროულად - 2024 წლის გაზაფხულზე. მან თავად არ თქვა, აპირებს თუ არა მონაწილეობას. გამოკითხვები აჩვენებს პუტინის მხარდაჭერის მაღალ დონეს, მაგრამ ომისა და რეპრესიების პირობებში, გამოკითხვების წარმომადგენლობა შეიძლება საეჭვო იყოს.

კომენტარები