რუსული კანონი

2 მარტის აქციაზე პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

ტაბულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაიწყო გამოძიება 2 მარტს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციაზე პოლიციელების მხრიდან ორი მოქალაქის, ბ.გ.-სა და ნ.ნ.-ს მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებაზე.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად". – წერია განცხადებაში. 

2 მარტს პარლამენტთან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ არსებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა, მას შემდეგ, რაც აქამდე პარლამენტში მისმა განხილვამ დაძაბული სახე მიიღო. 

აქციაზე პოლიციამ 36 პირი, მათ შორის ორი ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით დააკავა. 7 მოქალაქე ამავე საღამოს გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის იყო ტაბულას ჟურნალისტიც, ბექა ჯიქურაშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

კომენტარები