ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: საქართველოს ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიციას ცუდი გეგმები აქვს

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოსკოვსა და მინსკში გამართული შეხვედრების შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას აკონტროლებს.

"ზოგს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ისე გავმაგრდით, რომ არანაირი საფრთხე გვემუქრება და ეს იმის პარალელურად, როცა ბომბები და საბრძოლო მასალები უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე. კი, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ მათი ოპოზიცია ცუდ ღონისძიებებს გეგმავს. ზოგი რაღაცის შეჩერება შევძელით". – თქვა ბჟანიამ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ ე.წ. კანონში შესატან ცვლილებაზე კომენტარის გაკეთების დროს. ე.წ. კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს და ის თავისუფალი აზრის შეზღუდვად და იდეოლოგიური წნეხის მცდელობად შეაფასეს.

ამას გარდა, ბჟანიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი დაინტერესებულია, რომ ბელარუსთან მომავალში სრულ ფორმატში ითანამშრომლოს. 

ბჟანიას მტკიცებით, ჟენევა მოლაპარაკებებისთვის ნეიტრალური ადგილი არაა და სამხრეთ კავკასიის საკითხებზე საუბარი შესაძლებელია მინსკში, რომელიც, მისი აზრით, ნეიტრალური პლატფორმა იქნება.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს, ეს უკანასკნელი აქცენტს აკეთებდა საქართველოს რეაქციაზე.

"იყვნენ ძალები, რომლებსაც არ სურდათ შემდგარიყო ბელარუსის პრეზიდენტისა და ჩემი შეხვედრა, ამიტომ ის (ლუკაშენკო) ჩემთან შეგებების დროს, ყურადღებას ამახვილებდა, ასე ვთქვათ, საქართველოს მხრიდან ხისტ რეაქციაზე". – თქვა ბჟანიამ.

ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან გაერთიანების თაობაზე ბჟანიამ თქვა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია და შეთავაზება არ ჰქონიათ, თუმცა 

"საუბარი, რომ აფხაზეთი სამოკავშირეო სახელმწიფოში შევა, ამ ისტორიულ ეტაპზე, ჯერჯერობით ნაადრევია. არ არსებობს ასეთი კონსულტაციები ან კავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული საუბრები. მსურს აღვნიშნო, რომ სამოკავშირეო სახელმწიფო, როგორც მე მესმის, არის ზეკონსტრუქცია, მასში შესვლა სახელმწიფოებს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით შეუძლიათ. ასეთი სამოკავშირეო სახელმწიფო არსებობს ბელარუსსა და რუსეთს შორის. გაწევრიანების ოფიციალური მოწვევა ჯერაც არ მიგვიღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პერსპექტივაში, შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოს ამ კავშირში მონაწილეობის განხილვა, მაგრამ პერსპექტივაში". – თქვა ბჟანიამ. 

ამას გარდა, ბჟანიას თქმით, ლუკაშენკომ მას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულო აფხაზეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოა და დამოუკიდებელ კურსს გაატარებს". "ყველაფერი ხომ არ გინახავთ, რასაც იქ ვლაპარაკობდით", – დაამატა ბჟანიამ. მისივე თქმით, ლუკაშენკომ უთხრა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა საჭიროა საქართველოსთანაც.

"ის (ლუკაშენკო) მეუბნებოდა, რომ, რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთობა კეთილმეზობლური იყოს, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკასთანაც. ეს ცნობილია, რომ მსგავსი ურთიერთობები თუ იარსებებს, კარგი იქნება. მაგრამ დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს აღიარების პრინციპზე სხვაგვარად შეუძლებელია და ის ამას ეთანხმება". – თქვა ბჟანიამ.

ბჟანია ლუკაშენკოს მინსკში 21 თებერვალს შეხვდა. აქამდე, 14 თებერვალს ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა.

გასული წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ასლან ბჟანიას შეხვდა.

28 სექტემბრის შეხვედრისას ლუკაშენკო ამბობდა, რომ "აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლიან" და ის "არ უნდა მიატოვონ". ის ასევე აღნიშნავდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურდა.

კომენტარები