საქართველო-EU

ვაშაძე: ვიწყებთ კამპანიას – მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის

ვიწყებთ კამპანიას - მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ 24 თებერვალს ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარული ვართ უკრაინის, მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და NATO.  

სამწუხაროდ, ამის ფონზე, ქართული ოცნება, პირდაპირ ვთქვათ, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებად პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. არა თუ არ ასრულებს რეფორმების იმ 12-პუნქტიან გეგმას, არამედ, სამწუხაროდ, მაგალითად, აინიცირებს რუსულ კანონს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს.  

ერთადერთი გზა არის, რომ ჩვენ ჩვენი საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან,. ჩვენ დავიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე, ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპულ დედაქალაქებში, ბრიუსელში - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის, ჩვენი ყველას აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, იმსახურებს NATO-ს წევრობას, საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით და არცერთი, არანაირი ხელისუფლება, ვერანაირი პოლიტიკური დაჯგუფება, რაც არ უნდა მიბმული იყოს რუსეთთან, ვერ გადაგვაფიქრებინებს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას ჩვენი თაობისთვის. 

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. კამპანიაში ჩართული იქნებიან გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა. 

კომენტარები