ვაგნერის ჯგუფი

ევროკავშირმა ვაგნერის ჯგუფთან დაახლოებულ პირებს სანქციები დაუწესა

Shutterstock

ევროკავშირმა კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებულ 11 პირსა და 7 კომპანია/ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. სანქციების მიზეზად ევროკავშირმა ვაგნერის ჯგუფის საქმიანობა დაასახელა აფრიკის ქვეყნებსა და უკრაინაში.

"ვაგნერის ჯგუფის საქმიანობა საფრთხის შემქმნელია იმ ევროკავშირისა და იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, სადაც ისინი მოქმედებენ". – ამბობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

დასანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირში გადაადგილება და ხდება მათი ქონების ჩამორთმევა.

26 იანვარს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერი ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციას გამოაცხადა და სანქციები დაუწესა ტრანსნაციონალურ ქსელს, რომელიც მხარს უჭერს დაჯგუფებას.

ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დააანონსა რიგი სანქციები, რომელთა მიზანი "ვაგნერის საკვანძო ინფრასტრუქტურასთან დაპირისპირება, მათ შორის ამ დაჯგუფების მიერ გამოყენებული საავიაციო კომპანიასთან, ვაგნერის პროპაგანდისტულ ორგანიზაციასთან და მისი ფრონტ კომპანიებთან". 

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა:

  • რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის სამ ხელმძღვანელ პირს, რომლებსაც ბრალი ედებათ მსჯავდებულების ვაგნერის დაჯგუფებაში გაწევრიანება.
  • პრემიერმინისტრის მოადგილესა და ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, დენის მანტუროვს.
  • როსტოვის რეგიონის საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს.
  • უკვე დასანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებულ ქსელს.
  • რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფინანსისტს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ დაუწესებს სავიზო შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 531 წევრს.

სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა:

  • ინდივიდებსა და კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებული არიან მოსკოვის თავდაცვის ინდუსტრიულ კომპლექსთან.
  • ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებსა და მათ ოჯახის წევრებს.
  • ორ პირს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის მცდელობაში, მოეხდინა უკრაინის ტერიტორიების ანექსია. 

20 იანვარს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ვაგნერი, რომელიც უკრაინაში ბრძოლის წარმოებისას რუსულ ძალებს უჭერს მხარს, შეიძლება, მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად იწოდებოდეს.

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში კირბიმ აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს

"ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად იარაღის მიმწოდებლებს მსოფლიო მასშტაბით ეძებს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაასრულა ვაგნერის ჯგუფისთვის იარაღის მიწოდების თავდაპირველი ეტაპი. გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სარაკეტო დანადგარები და რაკეტები გაგზავნა, რომლებიც ვაგნერის ჯგუფმა გამოიყენა". – თქვა კირბიმ.

კირბის თქმით, ასეთი გარიგება, სულ მცირე, ორჯერ უკვე შედგა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული შეიარაღება უკრაინაში ომის დინამიკას სავარაუდოდ ვერ შეცვლის. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია ამ შეიარაღების მიწოდების გაგრძელების ალბათობის გამო.

როგორც კირბი აღნიშნავს, აშშ-ს შეფასებით, ვაგნერის ჯგუფს უკრაინაში დაახლოებით 50 000 მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი, მათ შორის 10 000-მდე კონტრაქტორი და 40 000-მდე პატიმარი რუსეთის სხვადასხვა ციხიდან.

 

კომენტარები