25 თებერვალი

ბოკერია: ისტორიის ამ ფანჯრის ისე დახურვა არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ პუტინისტურ ჭაობში ჩავრჩეთ

ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს შესწავლილი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხმა მოახერხა იმ მოკლე პერიოდში ფუნდამენტურად დასავლური ევროპული დემოკრატიის აშენება. მათ შორის, სხვა გეოპოლიტიკურ მიზეზებთან ერთად, სწორედ ამიტომ ერჩოდა ამ წარმატებულ საქართველოს რესპუბლიკას რუსეთის ბოროტების სტალინისტურ-ლენინისტური საბჭოთა იმპერია და ამიტომ დაესხა თავს. ეს არის ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავე დროს არის მაგალითი იმისა, თუ რაში არის ბუნება ჩვენი სამოქალაქო ერისა. ეს არის ევროპული, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, ვინც თავი შესწირა ჩვენს ქვეყანას. ტრაგიკულია ის, რომ მაშინ, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური მოვლენების გამო ეს მსხვერპლი საკმარისი არ აღმოჩნდა ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად და შემდეგ თაობებმა გადაიხადეს ფასი საბჭოთა ჯოჯოხეთში, რეპრესიებში და სისხლში ცხოვრებით. ახლა ჩვენ გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ჩვენს სასარგებლოდ. ის ფუფუნება, ის ვითარება, რომელიც არ ჰქონდათ მაშინ, 1921 წელს ჩვენი პირველი რესპუბლიკის შემქმნელებს... მაგრამ დღეს ჩვენ ჯერჯერობით სამარცხვინოდ და ტრაგიკულად არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ექნებოდა ის ეროვნული ამოცანა, რაც ჰქონდათ ჩვენი პირველი რესპუბლიკის შემქმნელებს და იმ საზოგადოებას, ვინც თავი შესწირა მის დაცვას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ისტორიის ფანჯარა დაიხუროს ისე, რომ ჩვენ ჩავრჩეთ პუტინისტურ ჭაობში. აი, ამას ეძღვნება ეს აქცია. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია."თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - დღეს, 25 თებერვალს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ და ტაბულამ კრემლთან კოლაბორაციონიზმი გააპროტესტა.

კომენტარები