ქუთაისის აეროპორტი

თოვლის გამო რიკოთი ჩაიკეტა, მგზავრებმა შესაძლოა რეისს ვერ მიასწრონ – ქუთაისის აეროპორტი

გზებზე შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

“შესაბამისად, ბერლინის და ათენის რეისის მგზავრებმა შესაძლოა, ვერ მოასწრონ აეროპორტში რეგისტრაციაზე დროულად გამოცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ავიაკომპანია Wizz Air-თან მიაღწია შეთანხმებას. გამონაკლისის სახით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს, ვინც აღნიშნული მიზეზის გამო დააგვიანებს, გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, იმ მიმართულებებით, სადაც გამოიძებნება თავისუფალი ბილეთები.

ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის, რომ მგზავრთა ინტერესები იქნას გათვალისწინებული და აღნიშნული მდგომარეობიდან გამოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი” - აცხადებს ქუთაისის აეროპორტი.

გზაზე შეფერხების გამო, რიკოთზე რამდენიმე საათია, ავტომობილები და ავტობუსები გაჩერებულები დგანან.


17 თებერვალს Wizz Air-ის რეისი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ორი ავტობუსი, რომლებსაც მგზავრები ქუთაისის მიმართულებით გადაჰყავდა, გზაზე შექმნილი პრობლემების გამო დანიშნულების ადგილას დაგვიანებით ჩავიდა, რის შედეგადაც მგზავრებმა რეგისტრაცია ვეღარ მოასწრეს. 

კომპანია OMNIBUS EXPRESS-ის ცნობით, უამინდობის გამო, ავტობუსი 23:15-ის ნაცვლად, 22:00-ზე გავიდა, თუმცა, გზაზე შექმნილმა შეფერხებამ ტრანსპორტის დაგვიანება გამოიწვია.

"არ ჰქონდა მნიშვნელობა, მგზავრებს თუ კიდევ უფრო ადრე გავიყვანდით, აბსოლუტურად არანაირი სხვაობა არ იქნებოდა... ზესტაფონის მონაკვეთზე ჩაიხერგა გზა და მანქანები შეასკდნენ ერთმანეთს. პარალიზებული და გაუწმენდავი იყო გზა და ამას პლუს, მარილი არ ეყარა… მიუხედავად იმისა, რომ მარილი არ ეყარა, ტრანსპორტი მოძრაობდა. აქ იყო გზის ჩახერგვის პრობლემა. ტრანსპორტს მოუწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოძრაობა და 05:38-ზე მივიდა აეროპორტში. რეგისტრაცია დასრულდა ზუსტად 8 წუთით ადრე". - უთხრა OMNIBUS EXPRESS-ის წარმომადგენელმა ტაბულას და წუხილი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის მეტეოროლოგიურ ვითარებაში Wizz Air-მა და ქუთაისის აეროპორტმა მგზავრების მდგომარეობა არ გაითვალისწინეს.

მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი დანიშნულზე 1 საათის დაგვიანებით გაფრინდა და აფრენამდე 2 საათით ადრე მგზავრები ადგილზე იმყოფებოდნენ.

ამის შემდეგ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ მგზავრებს მოუწოდელა, "დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდენ აეროპორტში რეგისტრაციაზე". ქუთაისის აეროპორტში ბერლინის რეისზე დაგვიანებულ მგზავრებს ბილეთები თანხის დამატების სანაცვლოდ გადაუცვალეს.

კომენტარები