რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გვერდით მტკიცედ ვიდგებით მანამ, სანამ საჭირო იქნება – ევროპული საბჭო

Shutterstock

ევროპული საბჭო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, წევრი ქვეყნები მტკიცედ იდგებიან უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება და არ გაჩერდებიან, სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსული აგრესიისგან სამშობლოსა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვაში უკრაინელმა ხალხმა წარმოუდგენელი სიძლიერე აჩვენა. 

"უკრაინელმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინელების გადასაწყვეტია. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, შეიჭრას მისი მეზობლის ტერიტორიაზე ან დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს აგრესია მშვიდობის საწინააღმდეგოდ მიმართული დანაშაულია. ის არღვევს გაეროს წესდებას, გაეროს პრინციპებსა და კაცობრიობის ფასეულობებს. მსგავსი დანაშაულის პირისპირ ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა ვიყოთ ნეიტრალურები. 

რუსეთი მიზანში სისტემატურად იღებდა მოქალაქეებს, ანადგურებდა ქალაქებს და თავს ესხმოდა უკრაინულ იდენტობას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში ომის დანაშაულებისა და სხვა მძიმე დანაშაულების ჩამდენები პასუხისგებაში იყონ მიცემული". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ევროპული საბჭოს განცხადებით, რუსეთმა ომში იარაღად გამოიყენა საკვები და ელექტროენერგია, უპასუხისმგებლოდ იმუქრებოდა ბირთვული საფრთხეებით და ავრცელებდა ცრუ ნარატივებს ომის შესახებ. რუსეთის ქმედებებმა და მისმა გავლენამ გლობალურ ეკონომიკაზე, სურსათის ფასებსა და სხვა საქონელზე მრავალი ქვეყანა დააზარალა - ევროპული საბჭოს განცხადებით, მზად არიან, დასახმარებლად პარტნიორებთან ერთად იმუშავონ. 

"ევროკავშირმა და პარტნიორებმა სწრაფად და შეთანხმებულად იმოქმედეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით ტკიცედ, სრული სოლიდარობით დგომას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ყველა უკრაინელი იმსახურებს, იცხოვროს მშვიდობაში და თავად განსაზღვროს მისი მომავალი. უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. უკრაინელებმა გამოთქვეს სურვილი მომავალში ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს სურვილი ვაღიარეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით. უკრაინელი ხალხის არჩევანი მშვიდობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემაა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, ევროკავშირი აპირებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარებების მიწოდებით, ევროკავშირი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღდგენაში, რისთვისაც, განცხადების მიხედვით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეცდებიან. 

"მომავალში ჩვენ გავზრდით ერთობლივ ზეწოლას რუსეთზე, რათა დაასრულოს აგრესიული ომი. ამ მიზნისთვის ჩვენ მივიღებთ სანქციების მე-10 პაკეტს და გავატარებთ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ცდილობს. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, საერთაშორისო სამართალს პატივი სცენ, მშვიდობა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, უკრაინა თავიდან აშენდეს და სართლიანობა აღსრულდეს. 

ამ დღემდე არ გავჩერდებით". - წერია განცხადებაში.  

 

კომენტარები