რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: რუსეთს სხვა ქვეყნების დამორჩილება სურს, ამის მაგალითი უკრაინა და საქართველოა

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ CNN-თან აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევსა და ვარშავაში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. ამასთანავე, განიხილა რუსეთის, როგორც "კოლონიური ამბიციების მქონე იმპერიული სახელმწიფოს" მიზნები. 

"რუსეთის იმპერიას აქვს კოლონიური ამბიციები. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ერები და ქვეყნები, მიიღოს სარგებელი მათგან. ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინაა, თუმცა სხვა ქვეყნებიცაა. გასულ წლებში რუსეთი თავს დაესხა საქართველოს". - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში. 

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთის Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად მზადაა. მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ამჟამად პოლონეთში ტანკების მართვას სწავლობენ და ტანკებთან ერთად უკრაინაში დასაბრუნებლად ერთი თვის განმავლობაში მზად იქნებიან.

თუმცა, პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ პოლონეთს გერმანიიდან ტანკებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქს მოულოდნელად ეწვია და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კიევში მოულოდნელი ვიზიტი ბაიდენის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრი წინ შედგა. ბაიდენმა ვიზიტის ფარგლებში ნახევარმილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ გამოაცხადა. ბაიდენი ვარშავაში 22 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუსაც შეხვდა.

კომენტარები