ბელარუსი

2030 წლისთვის რუსეთი ბელარუსის შეერთებას გეგმავს – მედია

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

Yahoo News-ისა და Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთი მეზობელი სახელმწიფო ბელარუსის შეერთებას 2030 წლისთვის გეგმავს

დოკუმენტი, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წლის ზაფხულით თარიღდება, ადგენს ბელარუსში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო შეღწევის გეგმას. გეგმა რამდენიმე ეტაპადაა ჩამოყალიბებული: მოკლევადიანი - 2022 წლამდე, საშუალოვადიანი - 2025 წლამდე და გრძელვადიანი - 2030-მდე.

გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს ერთიანი "საკავშირო სახელმწიფოს" შექმნას, რუსეთის ხელმძღვანელობით.

ორივე ქვეყანა, 1999 წლის შეთანხმების თანახმად, უკვე ოფიციალურად არის ე.წ. "საკავშირო სახელმწიფოს" წევრი. შეთანხმება ადგენს ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციის სამართლებრივ საფუძველს.

თუმცა, მედია საშუალებები, რომლებმაც აღნიშნული დოკუმენტი მოიპოვეს, ვარაუდობენ, რომ რუსეთის გეგმები 2030 წლისთვის იმდენად ფართოვდება, რომ ბელარუსის ანექსიასაც ითვალისწინებს.

როგორც Yahoo News-მა, ასევე Süddeutsche Zeitung-მა განაცხადეს, რომ ისაუბრეს ანალიტიკოსებთან და ექსპერტებთან, რომლებმაც დაადასტურეს მოპოვებული დოკუმენტის ავთენტურობა.

Yahoo News-ის წყაროს მიხედვით, ქვედანაყოფი, რომელმაც დოკუმენტი მოამზადა, 2018 წელს შეიქმნა და დაევალა რუსეთის მიზნების მისაღწევად ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ბელარუსში, უკრაინასა და მოლდოვაში პუტინის ადმინისტრაციისთვის ახალი სტრატეგიების შეთავაზება.

სააგენტოს წყარომ, ანონიმურობის დაცვით, აღნიშნა, რომ გეგმის მომზადებაში მონაწილეობა რუსულმა სადაზვერვო სამსახურმა და სამხედროებმაც მიიღეს.

კომენტარები