კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

კობახიძე: ქვეყნისთვის ის გრანტია მისაღები, რომლის მიზანი კეთილშობილური გავლენის რეალიზებაა

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილის დეპუტატების მიერ "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე, გრანტებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. კობახიძის თქმით, სახელმწიფო გრანტებს თვითონ ფილტრავს და მისთვის მხოლოდ ის გრანტია მისაღები, რომელიც საქართველოში კეთილშობილური გავლენის რეალიზებას ისახავს მიზნად. მისივე განცხადებით, სხვა გრანტებს სახელმწიფო ვერ ფილტრავს და არის რისკი, რომ ვიღაცამ ეს არაკეთილშობილური მიზნით გამოიყენოს.

"კითხვა იყო გრანტებთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ მთლიანობაში $100 მილიონზე ნაკლებს შეადგენს ის გრანტები, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი სხვადასხვა საერთაშორისო წყაროდან იღებს. ეს თანხა ალბათ ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებია. ეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არავითარი არსებითი წყარო არ არის. რაც შეეხება კანონპროექტს, იქ 20%-იანი ზღვარი არის ჩადებული და ამითაც განსხვავდება ამერიკული და რუსული ვარიანტებისგან, სადაც კონკრეტული სუბიექტის უცხოელ აგენტად გამოცხადება 0 ცენტიდან და 0 რუბლიდან იწყება. 

როგორც ბიუჯეტია გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ასევე უნდა იყოს ინფორმაცია ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს დაფინანსება შეიძლება ემსახურებოდეს კეთილშობილურ მიზნებს, შეიძლება არა. ამას სახელმწიფო ერთმანეთისგან არ არჩევს და ამის უფლება არ აქვს. ერთადერთი, ვინც ერთმანეთისგან უნდა გაარჩიოს კეთილშობილური და არაკეთილშობილური მიზნები, არის ქართული საზოგადოება. სახელმწიფო გრანტებს თვითონ ფილტრავს. სახელმწიფოსთვის მხოლოდ ის გრანტია მისაღები, რომელიც საქართველოში კეთილშობილური გავლენის რეალიზებას ისახავს მიზნად. მაგალითად, არის გრანტები, რომელიც მიზნად ისახავს პირობითად ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის აღდგენას. აქ სახელმწიფო თვითონ ფილტრავს და ისეთ გრანტს იღებს, რომელიც ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. რაც შეეხება სხვა გრანტებს, იქ სახელმწიფო ვერ ფილტრავს და არის იმის რისკი, რომ ვიღაცამ, შეიძლება, გავლენა არაკეთილშობილური მიზნისთვის გამოიყენოს. თეორიულად, ნებისმიერი წყარო შეიძლება, რომ იყოს. კანონი ხომ ვერ ჩაწერს დასავლეთს, ჩრდილოეთს, აღმოსავლეთსა და სამხრეთს. კანონი ზოგადი უნდა იყოს". - თქვა კობახიძემ.

ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დააინიცირეს. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათივე მტკიცებით, კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  

კომენტარები