ნავთობის ფასები

ღარიბაშვილი: თუ ნავთობის ფასების კლება არ გაგრძელდება, ზედა ზღვარს დავაწესებთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობის ფასების კლებასთან დაკავშირებით ისაუბრა და ნავთობის იმპორტიორები გააფრთხილა, რომ თუ ფასების კლება არ გაგრძელდება, მთავრობა ფასებზე ზედა ზღვრის დაწესებით შეზღუდვებს ამოქმედებს.

"ნავთობის ფასებთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული, მივიღეთ მათგან პირობა, რომ ფასების კლება დაიწყებოდა.  უკვე დაწყებულია. ევრორეგულარის ფასი 2.4 ლარია. შეგვპირდნენ, რომ კიდევ მეტად დააკლებენ ფასს, ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხზე აისახება, ინფლაციასაც წაადგება, დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ფასები უკვე საკმაოდ შემცირებულია." - ამბობს პრემიერმინისტრი.

ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასების კლება არ გაგრძელდება, მთავრობა რეგულაციებს აამოქმედებს.

"მე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მთავრობას ნებისმიერ დროს აქვს ბერკეტები, რეგულაციები. შეგვიძლია "დავკეტოთ" ისე, როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგოკრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მთელ მსოფლიოსა და ევროპაში. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა, ე.წ. "დაკეტვით", ანუ ზედა ჭერი, ზღვარი განსაზღვრეს. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, კიდევ გაგრძელდება თვის ბოლომდე ფასების კლება საწვავზე." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები