აშშ-თურქეთი

ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

REUTERS/Clodagh Kilcoyne/Pool

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, რომელთან ერთადაც მიწისძვრისგან დაზიანებული რაიონები მოინახულა

ასევე, Reuters-ის ცნობით, ბლინკენი, ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება. 

Reuters-ის ცნობით, შეხვედრა NATO-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას შეეხება, რომელთა რატიფიცირებაზეც თურქეთი ჯერჯერობით უარს ამბობს, ხოლო გასულ კვირებში ანკარამ განაცხადა, რომ ფინეთის რატიფიცირებას მხოლოდ შვედეთისგან დამოუკიდებლად შეძლებს. 

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ აშშ-მ თურქეთში სამაშველო ჯგუფები, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა და ჰუმანიტარული დახმარების სახით თურქეთისა და სირიისთვის $85 მილიონი გამოყო. 


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან დაახლოებით 35 418 ადამიანი თურქეთში დაიღუპა, 5 800-ზე მეტი - სირიაში. რეგიონში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.


ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. ქვეყნების გაწევრიანებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. თანხმობის რატიფიცირება ამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ.

30 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს. მინისტრის კომენტარი სტოკჰოლმში იმ საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელზეც დემონსტრანტმა ყურანი დაწვა.

კომენტარები