ვაგნერის ჯგუფი

კირბი: უკრაინაში ვაგნერის 30 000-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა ან დაიჭრა

რუსი სამხედროები ვაგნერის წევრის დაკრძალვის ცერემონიაზე. 2022 წლის 24 დეკემბერი.
Igor Russak/Reuters

აშშ-ს თეთრი სახლის შეფასებით, უკრაინაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის 30 000-მდე მებრძოლი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.

ჯონ კირბის თქმით, უშუალოდ მოკლულ ვაგნერელთა რიცხვი დაახლოებით 9 000-ს უტოლდება და მათი ნახევარი მხოლოდ 2 თვეში, დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ დაიღუპა.

მოქირავნეთა კომპანია გასულ თვეებში აქტიურად ეწეოდა პატიმართა რეკრუტირებას.

აშშ-ს დეკემბრის შეფასებით, ამ დროისთვის ჯგუფს საკუთარ რიგებში 40 000 მსჯავრდებული ჰყავდა აყვანილი. კირბის თქმით, ვაგნერი საკუტარ რეკრუტებს "საზარბაზნე ხორცივით" ეპყრობა. 

"მათ ხორცსაკეპში აგდებენ, დაფიქრების გარეშე". – თქვა კირბიმ.

რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის ვაგნერის ჯგუფი ბოლო თვეებში ყურადღებას იპყრობს, რადგან მისმა ძალებმა ქალაქი სოლედარი დაიკავეს და არის რუსეთის მთავარი ძალა, რომელიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვის.

აშშ-მ იანვარში ვაგნერის ჯგუფი ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.

9 თებერვალს პრიგოჟინმა თქვა, რომ მისმა ჯგუფმა პატიმრების რეკრუტირება "სრულად შეწყვიტა". თუმცა, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტთა აზრით, ვაგნერი მსჯავრდებულთა აყვანას მომავალში განაგრძობს, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით. 

პრიგოჟინმა პატიმრების რეკრუტირების შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად თქვა, რომ მათი ეფექტიანობა ზოგიერთ მაღალჩინოსანს "უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა" და ზოგიერთი ქვედანაყოფის დისკრედიტაციას იწვევდა.

პრიგოჟინი რეკრუტირებაზე: პატიმრების ეფექტიანობა ზოგ მაღალჩინოსანს უხერხულობას უქმნიდა

კომენტარები