მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იუკნევიჩიენე რეზოლუციაზე: საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ეხმაურება.

"დღეს ევროპარლამენტმა მიიღო გადაუდებელი რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ. ტექსტი ნათელია - ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა პირადი შურისძიების მიზნით სააკაშვილის დაკავებაზე.

საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია" - წერს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას მხარი 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო, 26-მა კი თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტს დღეს დაემატა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ ინიცირებული შენიშვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვას ითხოვს.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მიეცეს მას უფლება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ, როგორც ჰუმანიტარულ საფუძველზე, ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის. 

რეზოულუციაში ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას და შეზღუდავს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების პერსპექტივას. ამასთან, პატიმრობაში სააკაშვილის სიკვდილი დარტყმა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

კომენტარები