სინოდის განჩინება

სინოდმა ოჰრიდის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა, მაგრამ ავტოკეფალიად არ ცნო

წმინდა სინოდმა ოჰრიდის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა, მაგრამ ავტოკეფალიად არ ცნო.

"სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი. მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). მან სინოდის წევრებს გააცნო სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ "განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან", და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი.

მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის.

წმიდა სინოდმა დაადგინა: "საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი)". - წერია სინოდის გადაწყვეტილებაში.

კონსტანტინოპოლმა დეკადების განმავლობაში სქიზმაში მყოფი ჩრდილოეთ მაკედონიის მრევლი კანონიკურ წიაღში დააბრუნა. ამის შემდეგ, სერბეთის ეკლესიამ ოჰრიდის (ჩრდილოეთ მაკედონიის) ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლი მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიის მინიჭების უფლება მხოლოდ მას აქვს, ამდენად, ის ევქარისტიულ ერთობაში შედის ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მაგრამ არა ავტოკეფალიის სტატუსით.

საქართველოს ეკლესიის ამ გადაწყვეტილებაში მოსჩანს კონსტანტინოპოლის კანონიკური ლოგიკის გაზიარება, თუმცა, მას ამ დრომდე არ უღიარებია იმავე ლოგიკით, უკრაინისთვის მინიჭებული ავტოკეფალია.

კომენტარები