სინოდის განჩინება

მამა ლეონ გელოვანის შეფასება სინოდის განჩინების შესახებ

მოკლედ სინოდის განჩინების შესახებ: გუშინდელ წმიდა სინოდის კრებაზე, რომელზეც სინოდის წევრ მეუფე ნიკოლოზის თქმით, მხოლოდ ყოფითი საკითხები განიხილეს, თურმე მნიშვნელოვანი საკითხიც განუხილავთ. რთულია 50 კაცის საუბრიდან ყველაფრის გაგება, მეუფეს არ ვამტყუნებ.

საქმე ეხება ოჰრიდის, ანუ ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის საკითხს, ეკლესიის, რომელიც აქამდე სქიზმატურად ითვლებოდა, ანუ მათი სასულიერო პირები, როგორც საქართველოს საპატრიარქოში უყვართ თქმა, მღვდლის შესამოსლიანი ერისკაცები იყვნენ (მე არ ვფიქრობ ასე, ისინი ამბობენ ხოლმე).

ეს სქიზმა ეკლესიის წიაღში სულ ცოტახნის წინ დააბრუნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ, თუმცა რამდენიმე დღეში, ამავე ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსი მიანიჭა სერბეთის (პრორუსულად ცნობილმა) საპატრიარქომ. სერბეთის შემდეგ, მიყოლებით ცნეს ამ ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთმა და სხვა რუსეთთან დაკავშირებულმა ეკლესიებმა.

საქართველოს ეკლესიამ მართალია ოჰრიდის ავტოკეფალია არ აღიარა (კონსტანტინეპოლმა უნდა გადასცეს ტომოსი და არა სერბეთმა), თუმცა ამ ეკლესიასთან დაამყარა ევქარისტიული კავშირი, ანუ აღიარა რომ ერთი წლის წინ ჯერ კიდევ სქიზმატები დღეს უკვე ეკლესიის წევრნი, ნამდვილი მღვდელმსახურნი არიან.

მნიშვნელოვანია, რომ აღიარების არგუმენტად სინოდმა მოიყვანა სერბეთის პატრიარქის სიტყვები, რომელშიც იგი ,,სქიზმის განკურნებას" ადასტურებს.

როგორც აღვნიშნე, ოჰრიდის ეკლესიის ბოლოდროინდელი ამბები, სქიზმის დასასრული, ტომოსი და ყველაფერი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შემდეგ მოხდა. საქართველოს ეკლესიის სინოდმა ამ განჩინებით გააბათილა ის, რასაც სინოდის ცალკეული წევრები აქამდე უკრაინის ეკლესიის უღიარებლობასთან დაკავშირებით არგუმენტად იყენებდნენ, თითქოს ერთი განჩინებით შეუძლებელია სქიზმიდან მღვდელმსახურების ეკლესიის წიაღში დაბრუნება ყოველგვარი ხელდასხმის გარეშე.

მგონი ცხადია, სანამ ოჰრიდის ეკლესიასავით, რომელიმე პრორუსად ცნობილი ეკლესიის იერარქი არ ცნობს უკრაინას, მანამდე საქართველოს ეკლესია არ აპირებს არც ავტოკეფალიის ცნობას, არც ევქარისტიული ერთობის დამყარებას, თორემ აგერ სერბულად თუ ყოფილა შესაძლებელი ტომოსის წელიწადზე ნაკლებ დროში წაკითხვა, ბერძნულად ან უკრაინულადაც წაიკითხავდნენ როგორმე ამდენ წელში.

წერს Facebook-ზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმონაზონი, ლეონ გელოვანი.

კომენტარები