აშშ

თეთრი სახლის ინფორმაციით, ალასკის თავზე მოძრავი გაურკვეველი წარმოშობის ობიექტი ჩამოაგდეს

ჯონ კირბი

თეთრი სახლის ინფორმაციით, ალასკის თავზე მოძრავი გაურკვეველი წარმოშობის ობიექტი ჩამოაგდეს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ობიექტი იყო პატარა მანქანის ზომის და ალასკის თავზე 40 000 ფუტის სიმაღლეზე მოძრაობდა, რასაც შესაძლოა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საფრთხე გამოეწვია. მისივე თქმით, ჩამოგდებამდე დარწმუნდნენ, რომ ობიექტი უპილოტო იყო.

ამასთან, კირბის არ დაუკონკრეტებია ზუსტი ადგილი, სადაც ობიექტი ჩამოაგდეს, მაგრამ ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცე ჩრდილოეთ ალასკაში დაკეტეს მანამ, სანამ F-22 ტიპის თვითმფრინავი მას ჩამოაგდებდა. 

თეთრი სახლის ცნობით, ობიექტი პირველად ხუთშაბათს, 9 თებერვლის ღამით შენიშნეს, თუმცა ოფიციალური პირები ზუსტ დროს არ აკონკრეტებენ.

ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის აშშ-ს საჰაერო სივრცეში საფრთხის შემცველი სხვა ობიექტი არ არის იდენტიფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

კომენტარები