რამზან კადიროვი

კადიროვი ჩეჩნეთის კონსტიტუციით "ხალხის მამა" გახდა

2016 წელი, რამზან კადიროვი ადგილობრივ არჩევნებში 98%-იან გამარჯვებას აღნიშნავს.

ჩეჩნეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, რამზან კადიროვს მეხკ-დას წოდება მიენიჭა, რაც ჩეჩნურიდან ითარგმნება როგორც "ქვეყნის მამა", თუმცა "ხალხის მამის" მნიშვნელობითაც გამოიყენება.

რეგიონის მეთაურის თანამდებობის დასახელების საკონსტიტუციო ცვლილება ჩეჩნეთის პარლამენტმა ერთხმად დაადასტურა. ცვლილების ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაჰომედ დაუდოვმა წააყენა. განხილვასა და დამტკიცებას თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა.

ამას გარდა, ჩეჩნური მედიის ცნობით, ახალი ცვლილებით რესპუბლიკის მეთაური არის კონსტიტუციის დაცვის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა გარანტი და უფლებამოსილია უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება და ჩეჩნეთის ტერიტორიული მთლიანობა, სამოქალაქო მშვიდობისა და ჰარმონიის შენარჩუნება. 

კადიროვი, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია, დადანაშაულებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში, პოლიტიკური ოპონენტების გატაცებასა და მკვლელობაში.

კომენტარები