ბადრი ესებუას საქმე

"არ ვიცი, სახლში როგორ მოვიდა, ადრე შეხება არ მქონია" – ბადრი ესებუას ნათესავი

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას ნათესავი, ომიანე ჯიქია, რომლის სახლშიც ესებუა დააკავეს, ამბობს, რომ მასთან შეხება არ ჰქონია და არ იცის, როგორ მოხვდა ძებნილი მასთან. 

"არ ვიცი, როგორ მოვიდა. ღამე იყო, ჩვენ ვიწექით. ჩემი ძმის შვილიშვილია. პოლიციელები რომ მოვიდნენ და დაიჭირეს, მგონი, 5 საათი იყო. არა [ადრე შეხება არ მქონია] არც ლაპარაკი, არც არაფერი". - ამბობს ის.   

ადვოკატი, სოსო ჯანაშია ამბობს, რომ ესებუა "ძირითადად", საქართველოში იყო, იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. დაკავებული ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა, 2020 წელს საქართველოს ბანკში არ შეჭრილა და მომხდარის შემდეგ "ისეთი განცდა ჰქონდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა", ამიტომ გაუჩინარდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესებუა 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს. 

პროკურატურის ცნობით, დაკავებისას ამოიღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლებიც. 


შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ იყო. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს,რომ 2020 წელს დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

 

კომენტარები