ბადრი ესებუას საქმე

ესებუა ძირითადად საქართველოში იყო, იმყოფებოდა არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც – ადვოკატი

ბადრი ესებუას ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დაკავებული ამბობს, რომ "ძირითადი პერიოდი" საქართველოში იყო, თუმცა, იმყოფებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც.   

ესებუა ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. 

"მისი განმარტებით, დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს. ბიძინა ესებუაზე [ბადრი ესებუას ძმა] როგორც იცით, ვდავობდით დაცვის მხარე, რომ დაკავებული იყო აბსოლუტურად გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე. რომ ნახა, რომ მისი ძმის საქმე, ფაქტობრივად, შურისძიება იყო მასზე და მის ოჯახზე, ხორციელდებოდა მათზე არაკანონიერი დევნა, ფაქტობრივად, ამის გამო გადაწყვიტა, რომ არ გამოსულიყო. თორემ, რაც განმიმარტა, მითხრა, რომ მას ჰქონდა კიდეც იმის სურვილი, რომ გამოსულიყო, ჩაბარებოდა და თავის საქმეზე ებრძოლა. 

საქართველოში იყო, საქართველოს ფარგლები მას არ დაუტოვებია. ზოგადად, ისიც მითხრა, რომ იყო იქითაც [აფხაზეთში], მაგრამ ძირითადი ეს პერიოდი, როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო აქ, საქართველოში". - ამბობს ადვოკატი.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლიდან ძებნილი ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. 

უწყების განცხადებით, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე ძებნილი პირი სამეგრელოში დააკავეს. შსს წერს, რომ ბადრი ესებუას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.


შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ იყო. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ 2020 წელს დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა. 

კომენტარები