ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბეჟაშვილი: ენმ-ის თავმჯდომარე 4-ის ნაცვლად 2 წლით აირჩევა, შემდეგი არჩევნები 2025-ში იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევითობა 4 წლის ნაცვლად 2 წლის ვადით განისაზღვრება და მომდევნო არჩევნები 2025 წელს ჩატარდება.

"მინდა, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები გაგაცნოთ. პირველი ცვლილება უკავშირდება, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევითობა 2 წელიწადში ერთხელ იყოს განსაზღვრული. ანუ, დღეს მოქმედი პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა შემცირდება და პარტიის თავმჯდომარე 2 წლით აირჩევა. 2025 წელს ახალი არჩევნები იქნება. მეორე ცვლილება უკავშირდება რეგიონალური საბჭოების შემოღებას. რეგიონალური საბჭოები ყველა რეგიონში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით შეიქმნება [...] ასევე, განსაზღრული გვაქვს, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება 4 წლის ნაცვლად, 2 წლის ვადით იქნება დადგენილი. შესაბამისად, პოლისტაბჭოს თავმჯდომარის არჩევნებიც 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევითობა სავალდებულო წესით იქნება, არა უმეტეს 2 წლის ვადით". - თქვა ბეჟაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, ის კვლავ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. კობა ნაყოფია კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა.

მას შემდეგ რაც არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, გიორგი პატარაიამ, აკო მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ასევე, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ. 

კომენტარები